26/11/2024
12:07
პოლიტიკა
პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს პატრიოტი და არ უნდა იყოს დამოკიდებული გარე ძალებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, კანდიდატი, რომლისთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი არ იქნება ქართველი ხალხის ნება, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
„კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები თუ ერთ წელს დაემთხვა, პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პარლამენტისთვის ნდობის გამოცხადებიდან 45 დღის განმავლობაში. პარლამენტის თავმჯდომარემ თუ თქვა, რომ ამ წლის ბოლომდე პრეზიდენტის ინაუგურაციაც უნდა მოესწროს, ინაუგურაცია არჩევნებიდან მესამე კვირა დღესაა, რომ გადმოვთვალოთ, არჩევა ძალიან მალე მოუწევს. კონკრეტულად რომელი თარიღი იქნება, თავმჯდომარე დღეს შემოგვთავაზებს.
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის 30 წევრს მაინც. კოლეგია შედგება პარლამენტისგან, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და შესაბამისი პროპორციით თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 300 ადამიანისგან. პირველ ტურში პრეზიდენტის არჩევას 200 ხმა სჭირდება. თუ პირველ ტურში 200 ხმა ვერავინ დააგროვა, მაშინ მეორე ტური ტარდება და მეორე ტურში ასარჩევად 150 ხმა საკმარისია.
მთავარი ერთია, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ერუდირებული და შესაბამისი გამოცდილების მქონე, რომელსაც შეუძლია, ეს უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს. მაგრამ მთავარია, ის უნდა იყოს პატრიოტი და არ იყოს დამოკიდებული გარე ძალებზე. მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ქართველი ხალხის ნება და არაფერი სხვა. თუ ასეთი კანდიდატურა არ იქნება, ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი კანდიდატურა იქნება შერჩეული. თარიღის დასახელების შემდეგ უმრავლესობის ფორმატში კონსულტაცია გაიმართება და ეს კანდიდატურები წარმოდგენილი იქნება. განვიხილავთ და პროცედურის შესაბამისად ერთ კანდიდატს წარვადგენთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
0
0