26/11/2022
10:38
პოლიტიკა
მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მას არ გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება, სწორი აქცენტი იყო, რადგან სასჯელის გადავადებაც და სამკურნალოდ გადაყვანაც სასამართლოს კომპეტენციაა.
"ყველა საკითხი სასამართლოს კომპეტენციაა. რაც შეეხება შეწყალებას, არ არის ასე მარტივად საქმე.
მე არ მიჭირს ჩემი პოზიციის გამოხატვა, არაერთხელ ვთქვი, რომ არავითარი შურისძიების სურვილი არ მაქვს მე სააკაშვილის მიმართ და გავთავისუფლდი ასეთი ტიპის ემოციებისგან, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის შინაგანი განცდა, გაბრაზება თუ წყენა. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს სააკაშვილი, მას არ გაათავისუფლებენ, სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თუ არ აქვს, შეუფარდებენ. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აქცენტები ამიტომ იყო გადატანილი სასამართლოს მიმართ. სასამართლოს აქვს ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა, რომ ამ საქმეზე აჩვენოს, ის არ არის გავლენების ქვეშ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
0
0