21/02/2022
17:46
პოლიტიკა
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლოს სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება.
„ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია და არსებული კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს.
უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლოს სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება.
პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვის და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, მის გაუქმებამდე, რომელიც მოგეხსენებათ განხორციელდა 2018 წელს.
ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილი იქნა დაუყოვნებლივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია და დაარქივება და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენიმეჯერ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ გადმოცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული, სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაიდუმლოებაზე.
ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ მიიღოს დოკუმენტებთან დაკავშირებით განახლებული, არსებული მდგომარეობა და ჰქონდეს ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამასთან, მათივე განცხადებით, მიუღებელი და გაუგებარია ღია მიმართვაში ირიბი თუ პირდაპირი მუქარა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
„ასევე გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ თუ რაზე შეიძლება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი იყოს გასამართლებული. გადაწყვეტილებებს.
ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგოა, რადგან ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთა დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო.
ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც უარი თქვა საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო“, - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
0
0