
როდის დაიწყება პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურები - კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს.
სალომე ზურაბიშვილმა კანონი საკანონმდებლო ორგანოს, პრაქტიკულად, უცვლელად დაუბრუნა. დოკუმენტში დამატებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელშიც წერია, რომ "კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს".
"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის კანონი შენიშვნების გარეშე არ უნდა დაებრუნებინა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ კანონზე ვეტოს დადების გადაწყვეტილება დროში გაეწელა.
"კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, ვეტო, ეს არის მოტივირებული შენიშვნები. როცა მოტივირებულ შენიშვნებს მოტივაციის გარეშე აგზავნი, ცოტა უცნაურად გამოიყურება. ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ასეთი უცნაური ნაბიჯის გადადგმა, პირიქით, ისეთი მოტივაცია და ისეთი არგუმენტები უნდა ყოფილიყო წარდგენილი, რომ საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნება" ვერ დათანხმებულიყო, ან თუ დაეთანხმებოდა, შინაარსობრივად გამოვიდოდა ამ კანონის გაუქმება, ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. რაც მთავარია, ეს ვეტო უნდა გაეწელა, რადგან ძალიან სწრაფად დაადო ვეტო, ეს კანონი უფრო სწრაფად ამოქმედდება. არ ვიციო რატომ აჩუქა პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" ორი კვირა ამ კანონის წინასაარჩევნოდ ამოქმედებისთვის", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო სამართლებრივად გამართულია და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი ქვეყნის არჩევანის სადარაჯოზე დგას.
"რაც არ უნდა ამტკიცოს "ქართულმა ოცნებამ" თეთრზე შავი, ამ მოტივირებულ შენიშვნებში წერია, რომ ოთხ მუხლთან არის კონსტიტუციის წინააღმდეგობაში "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული რუსული კანონი. მას თან სდევს ეუთოს დასკვნა კანონთან დაკავშირებით. იმავდროულად, სამართლებრივად არის სრულიად გამართული, რამდენადაც ერთ დღიან ამოქმედებას ითვალისწინებს. ეს, ისევ და ისევ, აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი დგას საქართველოს კონსტიტუციის და ხალხის არჩევანის სადარაჯოზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ
0
0