
„ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან - არა, ლოკაციებზე!“ - ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი „ნცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მშვიდობის ხიდზე დაგეგმილი აქციის შესახებ აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონია.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე აქვთ და სინამდვილეში ლოკაციებზე ჩხუბობენ.
„ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ - ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე - მაგალითად მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან - არა, ლოკაციებზე! ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი - ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა ამომრჩეველს სხვა ლოკაციაზე მოუწოდა, მაშინ როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია უკვე დაანონსებული ჰქონდა სხვა ადგილას. ხაბეიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამის შესახებ არ იცოდა.
0
0