
საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან შეხვედრაზე განიხილა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ევროპის ძიუდოს კავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას და ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ნოზაძემ მოაწერეს.
კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს.
0
0