22/03/2023
15:24
პოლიტიკა
მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარედგინათ.
წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ესწრებოდნენ.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა.
0
0