08/11/2022
10:33
პოლიტიკა
“გამოკითხვის მიხედვით, 88% ილია მეორისაა, 44% პოგრომის წამქეზებელი და რეაქციონერი ღარიბაშვილის. პოპულარულთა სიის თავში მორალურად დეგრადირებული კაცები არიან... ეს კი სამწუხაროდ მხოლოდ ერთს ნიშნავს: საქართველოში - იერარქიულობა მიაჩნიათ ბუნებრივად და არა თანასწორობა”, ასე შეაფასა მწერალმა ლაშა ბუღაძემ IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, სადაც პერსონების მოწონების რეიტინგში ყველაზე მეტი, 88 პროცენტი, ილია მეორეს აქვს. ამავე რეიტინგით კი მესამე ადგილი ირაკლი ღარიბაშვილს, 44%-ით უკავია.
ბუღაძე ამბობს, რომ საქართველოში ვინც უმცირესობათა უფლებებს იცავს - მტერი ჰგონიათ, ხოლო “პოპულისტი და თვალთმაქცი" - სანდოდ მიიჩნევა. მისივე შეფასებით, “აგრესიულ კაცთა ავტოკრატია ჩვენი ბუნებრივი პოლიტიკურ-მენტალური მდგომარეობაა”.
"აქ პატრიარქალური სუბორდინაცია და პოპულიზმი იმარჯვებს. ილია ჭავჭავაძის შეგონების არ იყოს, "ლიბერალობა" ისევ სალანძღავ სიტყვად რჩება.
აქ მობლატავე ეპისკოპოსები მოსწონთ, მასთან საზიარებლად ამაყად ჩამომდგარი მრევლის კაცები და მათი წინ გამშვები მრევლის მორჩილი ქალები, და ეს პოლიტიკურ ქცევაზეც აისახება...
ის, ვინც უმცირესობათა უფლებებს იცავს (ანუ ის, ვინც ადამიანს იცავს), მტრად მიიჩნევა, ხოლო პოპულისტი და თვალთმაქცი - სანდოდ...
დემოკრატია საქართველოში არაადეკვატურია, რადგან სინამდვილეში ამ 30 წლის განმავლობაში არავინ უერთგულა დემოკრატიულ დისციპლინასა და პოლიტიკური მორალის პრინციპებს.
რომელ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, როცა მოქალაქეებს თურმე ღარიბაშვილი მოსწონთ? ჩვენი პოლიტ-ელიტები კი არმოკლული დათვის ტყავს ინაწილებენ იმის მაგივრად, რომ რაიმე შინაარსის მსგავსით მაინც მიაღწიონ არჩევნებამდე... ოპოზიციის დიდი ნაწილი და მავანთა ეგზალტირებული მხარდამჭერები ექსცესს ვერ გასცდენიან (კრიზისი რომ გონია ზოგიერთს) და ამასობაში ივანიშვილი ბუნებრივ საგემოვნებო და კულტურულ ნორმად აყალიბებს ავტოკრატიას.
თუმცა იქნებ ივანიშვილი კი არაა მთავარი პრობლემა, არამედ თავი და თავი იმ 88 და 44 პროცენტიანი სიყვარულის გამცემი მოქალაქის უგუნურება და მორალური სიმწირეა, ვისაც არც ტვინი აქვს, არც გული, არც სინდისი და ამის მაგივრად კი მხოლოდ ინსტინქტი აქვს, რომ ვისაც ძალას აქვს, იმის მორჩილიღა იყოს ცხვარივით!" - წერს ლაშა ბუღაძე.
0
0