29/12/2023
15:14
მსოფლიო
პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი შეფრინდა.
როგორც პოლონური მედია წერს, მფრინავი ობიექტი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და დასახლებულ პუნქტ პშევოდუვის სიახლოვეს მცხოვრებმა მოქალაქეებმა შენიშნეს.
პშევოდუვი ის დასახლებაა, სადაც ერთი წლის წინ რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხმამაღალი ხმაური გაიგეს. ობიექტი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
პოლონური მედიის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაცია აფეთქების შესახებ არ ვრცელდება.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებშიც.
„დილის საათებში პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტი შეფრინდა, რომელსაც თვალს ადევნებდნენ ქვეყნის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციური საშუალებებით. შესაბამისი პროცედურების მიხედვით, ოპერატიულმა მეთაურობამ აამოქმედა მათ ხელთ არსებული ძალები და საშუალებები“, – ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს რუსეთმა მასირებული დარტყმა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. მათ შორის კიევზე, ხარკოვზე, დნიპროზე, ოდესაზე, ლვოვზე, ზაპოლორჟიეზე და სხვა ქალაქებზეც. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
0
0