
პოლონეთის ქალაქ იაროცინში 19 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას TVP3 ავრცელებს.
პოლონეთში ქართველი ხუთშაბათს, 13 ივლისს საღამოს, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა იაროცინის პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ Opel Corsa-ს მარკის ავტომობილის მძღოლს და ერთ-ერთ მგზავრს, ღვედები არ ეკეთათ. პოლიციამ მძღოლს გაჩერება უბრძანა, თუმცა მან პოლიციის ბრძანება დააიგნორა, სიჩქარეს მოუმატა და მიმალვა სცადა.
„ეს მძღოლის ჩვეულებრივი შემოწმება უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღვედის შეკვრა დაავიწყდა, თუმცა ეს დევნით დასრულდა“, - ამბობს პოლიციელი.
როგორც პოლიციელი ამბობს, დევნისას ქართველმა მანქანა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე გააჩერა და ფეხით გაიქცა. თანამშრომლებმა მგზავრები დააკავეს, მანქანაში კი მძღოლის მიერ დატოვებული დოკუმენტები და მობილური ტელეფონი იპოვეს, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაქცეულის პირადი მონაცემები და საცხოვრებელი ადგილი დაედგინათ.
დაკითხვის შემდეგ მგზავრები გაათავისუფლეს, ხოლო მძღოლი, 19 წლის ქართველი, მეორე დღეს დააკავეს.
მამაკაცის წინააღმდეგ ინსპექტირებაზე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მძღოლს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178ბ მუხლით წაუყენეს. მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0