
პოლონეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე უდიდესი ქვეყანა მოსკოვის სადაზვერვო სამსახურების სამიზნე სულ უფრო ხშირად ხდება.
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად, პოლონეთსა და რუსეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უფრო გამწვავდა.
ქალაქ გდანსკის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი პირი 21 მარტს დააკავეს.
„აღნიშნულ საქმეზე მიღებული დასკვნები აჩვენებს, რომ ეჭვმიტანილი პირი მოქმედებდა რუსული სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ... აღნიშნული პირი აგროვებდა ინფორმაციას პომერანიისა და კუიავია-პომერანიის რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურებისა და ორგანოების საქმიანობის შესახებ. მოპოვებული ინფორმაცია გადაეცა რუსეთის დაზვერვის სამსახურს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეჭვმიტანილი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლონეთმა რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა, რომელიც ამზადებდა დივერსიულ აქტებს და აკონტროლებდა უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0