28/11/2023
12:04
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრემიერ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა. პოლონური ოპოზიცია, რომელმაც დონალდ ტუსკის მეთაურობით ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, ამას ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის მიზანი ხელისუფლების გადაბარების გაჭიანურება.
მორავიეცკის პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც პოლონეთს 2015 წლიდან მართავს, არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვა. პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭიროა 231 მანდატი. დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფრომას“ და მის მოკავშირე პარტიებს 248 მანდატი აქვთ და მზად არიან, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ, თუმცა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ჩამოყალიბება მორავიეცკის დაავალა.
„ჩვენ ვიცავთ ტრადიციას იმ მთავრობის დამტკიცებით, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი და მისი არჩეული კანდიდატი აყალიბებენ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ მინისტრების დამტკიცებისას.
დიდი ალბათობით, მორავიეცკის მთავრობა პარლამენტში ნდობას ვერ მოიპოვებს. კენჭისყრა უახლოეს ორ კვირაში უნდა გაიმართოს.
0
0