პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ, რომელიც გუშინ პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება.
როგორც კამინსკი პოლონეთის იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში წერს, მისი დაკავება და სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური შურისძიების აქტს წარმოადგენს.
„როგორც პოლიტპატიმარი, პატიმრობის პირველივე დღიდან ვიწყებ შიმშილობას. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელობის წევრები, რომლებსაც ეხებათ შეწყალების აქტი, რომელიც 2015 წელს პოლონეთის პრეზიდენტმა გამოსცა“, - წერს კამინსკი.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც 2007 წელს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. მათ გასული წლის დეკემბერში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან. კამინსკი და ვონსიკი მოქმედი დეპუტატები არიან „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან“. სასამართლომ ორშაბათს გასცა დადგენილება მათი დაკავებისა და ციხეში გადაყვანის შესახებ. კამინსკი და ვონსიკი 10 იანვარს პოლონეთის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე დააკავეს.
0
0