
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ პატივს სცემს უკრაინელთა გმირობას, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და მთელ ევროპას რუსული შეჭრისგან იცავენ, თუმცა ის არ აპირებს უკრაინელების მიმართ ისტორიული წყენების დავიწყებას.
პოლონურ არხ wPolsce24-თან ინტერვიუში ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ შეუცვლია.
„პოლონელები მხარს უჭერდნენ და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. თუ მსოფლიოში ვინმე, მაგალითად, ზელენსკი ელოდება, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე პოლონელების ხმით არ ვისაუბრებ, მაშინ ის გაოცდება. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ არცერთი სახელმწიფოს მძევლები. ჩვენ უკრაინის ინტერესებს ჩვენს ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებთ“, – თქვა ნავროცკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, არ აპირებს ისტორიის დავიწყებას.
„მე არ მესმის ეს უცნაური იმპულსი, რომ, ღმერთის გარდა, ვინმეს წინაშე დავიჩოქოთ და სიმართლისთვის პატიება ვითხოვოთ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელების გმირობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ პოლონელი მსხვერპლი ან უკრაინის ინტერესები პოლონეთის ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
როგორც უკრაინული მედია წერს, ნავროცკი გულისხმობდა ვოლინის 1943 წლის ტრაგედიას, რა დროსაც თანამედროვე უკრაინის ტერნოპოლის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინის ამბოხებულთა არმიამ 50 000-60 000 ადამიანი მოკლა, ძირითადად, პოლონელები.
1
0