29/12/2023
09:05
მსოფლიო
პოლონეთის კულტურის მინისტრმა, ბარტოლომეი სენკევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე ვეტოს დადების გამო, მთავრობა საზოგადოებრივ მაუწყებლობას ლიკვიდაციის რეჟიმში გადაიყვანს.
"პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შეაჩეროს საზოგადოებრივი მედიის დაფინანსება, გადავწყვიტე შემდეგი კომპანიების ლიკვიდაცია გამოვაცხადო: Telewizja Polska SA, Polskie Radio SA და Polska Agencja Prasowa SA. შექმნილ ვითარებაში, მსგავსი ქმედება უზრუნველყოფს ამ კომპანიების ფუნქციონირების გაგრძელებას, განახორციელებს აუცილებელ რესტრუქტურიზაციას და აღკვეთს ზემოხსენებულ კომპანიებში თანამშრომლების გათავისუფლებას დაფინანსების არარსებობის გამო", - ნათქვამია კულტურის მინისტრის განცხადებაში.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ვინაიდან ის არ ეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების პროექტს მაშინ, როდესაც კონსტიტუციისა და დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ირღვევა.
21 დეკემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დაგმო საზოგადოებრივი მედიის რეფორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გამოაცხადა, და მას ანარქია უწოდა.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნა გამოაცხადა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფო მედია, განსაკუთრებით 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP Info, ყოფილი მმართველი პარტიის პროპაგანდის საშუალება გახდა. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციამ პირობა დადო, რომ ახალ მედიასაშუალებებს შექმნის, რომლებიც უფრო დაბალანსებულ მიდგომას მიიღებენ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ცვლილებების უეცარი განხორციელება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან შესაბამისი საპარლამენტო პროცედურების თავიდან აცილებით ხდება.
0
0