პოლონეთი ევროკავშირისგან 137 მილიარდ ევროს მიიღებს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა
„მე თქვენთვის კარგი ამბები მაქვს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში ვიზიტის დროს.
ბრიუსელი პოლონეთისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ორ გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.
„ეს გადაწყვეტილებები პოლონეთისთვის განკუთვნილი 137 მილიარდი ევროს განბლოკვას შეეხება".
ფონ დერ ლაიენის თქმით, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა პოლონეთის მცდელობებმა კანონის უზენაესობის აღდგენისთვის.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.
„ეს დიდი ფულია, ჩვენ ამას კარგად გამოვიყენებთ", - თქვა მან.
თანხა, რომლის განბლოკვის შესახებაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მოიცავს 60 მილიარდ ევროს ევროკავშირის კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული დახმარების ფონდიდან და 76,5 მილიარდ ევროს ევროკავშირის 27 ქვეყანაში ცხოვრების სტანდარტების გათანაბრების მიზნით შექმნილი ევროკავშირის ერთიანობის ფონდიდან.
ტუსკმა განაცხადა, რომ მას სურს ბრიუსელთან კონფლიქტის განმუხტვა და ევროკავშირის პარტნიორებთან პატივისცემით მუშაობა.
0
0