19/07/2023
18:52
საზოგადოება
სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პოლონეთის საგარეო უწყებას თავის განცხადებაში კლინიკის მიმართ პრეტენზია არ განუცხადებია, სხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს კი გამოძიება გასცემს პასუხს.
მისივე შეფასებით, პოლონელი ექიმის საქციელი, რომელიც, პენიტენციური უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ჩუმად გატანას ცდილობდა, სამედიცინო ეთიკის ყველა ნორმას არღვევს.
"მე ვარ პასუხისმგებელი კლინიკაზე. მე კლინიკის მისამართით ვერანაირი პრეტენზია ვერ ვნახე და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. სხვა დანარჩენზე ალბათ უპასუხებს პენიტენციური დაწესებულება.
ინციდენტთან დაკავშირებით, ეს არის საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა და ალბათ ისინი გამოიძიებენ, იტყვიან რა მოხდა, რატომ მოხდა და რატომ ჰქონდა ამ სამწუხარო ფაქტს ადგილი. მე იურისტი არა ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სამედიცინო ეთიკის ყველა ნორმას არღვევს ეს ფაქტი," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.
0
0