13/07/2023
13:13
საზოგადოება
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მათ მიერ მომზადებულ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ.
მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედის“ ექიმებს მისცეს, „ვივამედის“ მედიკოსებს პაციენტისთვის უკვე გაწეული ჰქონდათ.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, პოლონელ ექიმებთან კოლეგიალური შეხვედრა შედგა.
„გუშინ, ჩვენს კლინიკაში ვიზიტით პოლონელი კოლეგები იმყოფებოდნენ. ექიმების შემადგენლობა ასეთი იყო: ნეიროქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და ტოქსიკოლოგი. შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩვენი კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, ნამდვილად კოლეგიალური შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მდგომარეობა და ჩატარებული წინა კვლევები. ნამდვილად ძალიან კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა იყო, განსხვავებით სხვა, წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და მათთან საერთოდ კომუნიკაცია არ გვქონდა. არა მარტო უცხოელი ექსპერტები, ასევე ქართველი ექსპერტები, რომელთაც, ფაქტობრივად, ჩვენი კლინიკის ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს. სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ, თვითონ გააკეთებენ განცხადებას. ის, რაც რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ პაციენტისთვის რეკომენდებული გვქონდა, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე - თუნდაც, ფუნქციის ჩატარება ხერხემალზე, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი, ეს მათაც შესთავაზეს. საუბარი იყო კვებასთან დაკავშირებულ საკითხზეც. ეს ყველაფერი ჩვენი საერთო აზრი იყო და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი პაციენტს ესაუბრნენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძე ამბობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს წონაში მომატებული აქვს.
„მე ვერ გეტყვით პოლონელ ექიმებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მალხაზ ურთქმელიძესთან ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ჩვენი კლინიკის სხვა დანარჩენ ექიმებთან. რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მიხეილ სააკაშვილი წონაში მომატებულია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მე მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე: წონაში მატება ხომ არ ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, ჩხაიძემ განაცხადა, რომ „წონაში მატება სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი არ არის.“
„მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან , თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. ციხეში გადაყვანაზე საუბარი ჩვენთან არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.
0
0