
მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს გადაწყვეტილებაზე, თუ რატომ მოხდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის უკან გამოწვევა." ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება კავშირში არ არის სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან.
მმართველ გუნდში ისაუბრეს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებაზე, პოლოლიკაშვილის მხრიდან გამოქვეყნებულ მესიჯზე და მიუღებელ ლექსიკაზე.
"წესით ბატონ პოლოლიკაშვილს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ორჯერ დაეხმარა იმისთვის, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი თანამდებობა დაეკავებინა. ამავდროულად, ისიც კარგად უნდა ახსოვდეს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც კონსულტაციები იყო, ის უბრალოდ არაკონტაქტური იყო, გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკითაც.
ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება, ქართველი ხალხის დავალებით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იბრძვიან, მათ საწინააღმდეგოდ ვიბრძოლოთ. როდესაც სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები ამხელა ორგანიზაციის კონკრეტულ თანამდებობას იკავებენ, რა თქმა უნდა, მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, სავსებით ლოგიკურია.
ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ამ ადამიანს მოვუწოდოთ, რომ გონს მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა, რომ ზედაპირული განცხადებები არ გავაკეთოთ და უფრო მეტი კონკრეტიკა გავაცნოთ საზოგადოებას. ამიტომ მოუხმოს ზრდილობას და გონს მოეგოს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი ორი ვადით იკავებს, მას უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება. მისი კანდიდატურის წარდგენა აღარ მოხდება. პასუხად პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" უთხრა, რომ გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო, მან მთავრობა გააკრიტიკა.
0
0