
რუსეთის პოლიციას, „მილიციას“, მოღალატეებს გვეძახდნენ - შეურაცხმყოფელი ფრაზები ჰქონდათ, - ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა საბა ნაბახტეველმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე ჩვენებას აძლევს.
როგორც მან განმარტა, აქცია თავდაპირველად მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, მოულოდნელად ძალადობრივი სახე მიიღო.
„საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ვიმყოფებოდი ადგილზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბოლოსკენ, თითქმის ერთ-ერთი პირველი ვიდექი.
ხალხი ემატებოდა და ემატებოდა, შემდეგ აქციამ ძალადობრივი სახე მიიღო.
ქვის ფილა, შუბლისა და სახის არეში მომხვდა, მივიღე ფიზიკური დაზიანება, განვიცადე ფიზიკური ტკივილი. ქვა წინა მხრიდან მომხვდა, რომელიც აქციის მონაწილის მხრიდან იყო ნასროლი.
აქციის მონაწილეები ჩვენი მისამართით ბოთლებს ისროდნენ, რომელშიც ქვები იყო მოთავსებული, ასევე, ისროდნენ ფილებს... რუსეთის პოლიციას, „მილიციას“, მოღალატეებს გვეძახდნენ - შეურაცხმყოფელი ფრაზები ჰქონდათ",- განაცხადა ნაბახტეველმა.
ადვოკატ დავით ჭიკაიძის კითხვაზე, ხალხის გაღიზიანება ან აგრესია ხომ არ გამოიწვია პოლიციის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა, ნაბახტეველმა უპასუხა, რომ მისი იქ ყოფნის პერიოდში ეს ასე არ მომხდარა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0