პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკაში გადასვლა ძალიან გვიანი იქნება. ამის შესახებ, ძაბირაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას -კითხვაზე, შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დაანონსდა თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნა? საპასუხოდ განაცხადა.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მან შეიძლება პოლიტიკური ძალები შემოიკრიბოს თავის გარშემო, მაგრამ ეს ხომ არც ოპოზიციას შორის დაპირისპირებასა თუ კონკურენციას გამორიცხავს.
„ზურაბიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნება, თუ ის ღიად გადავა პოლიტიკურ სივრცეში, რაზეც მან თქვა, რომ ის ამას არ გააკეთებს. თუ ის კოორდინაციას გაუწევს ყველას ამ ქარტიასთან, ეს არც სახალხო მოძრაობა იქნება და არც პოლიტიკური გაერთიანება, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. მაშინ რა ფუნქცია ექნება ამას? საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაც უკვე გვიან არის. რამდენიმე თვეში არჩევნებია და გვინდა თუ არა, ნელ-ნელა ყველა გადავეწყობით აქეთკენ. ზოგად პრინციპებზე თანხმობა კი კარგია, მაგრამ არ არის ქმედითი და შედეგის მომტანი არ იქნება. ამიტომ, მითუმეტეს, თუ ახლა საუბარია აგვისტოსა თუ სექტემბერში რომ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და ჩაუდგება რომელიმე გაერთიანებას სათავეში, ეს უკვე გვიანია. აგვისტოსა და სექტემბერში პოლიტიკაში გასვლას ნამდვილად არ ვურჩევდი. თუ ასეთი გადასვლა უნდოდა, ახლავე უნდა გაეკეთებინა და დრო ეყოფა თუ არა, ახლაც რომ გადავიდეს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამიტომ, როგორც ჩანს, ის დარჩება პრეზიდენტის პოსტზე. მას ამ პოსტიდანაც შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება. ეს იქნება ზოგად-პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე ზედამხედველობა - სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გამოვიდა პარლამენტში. სხვა მექანიზმი მას უბრალოდ არ გააჩნია. მას შეუძლია გააკეთოს განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი განცხადებები როგორც პრეზიდენტისა და მნიშვნელოვანი ფიგურისა საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ძალიან წონიანი იქნება ეს განცხადებები. ოღონდ ეს უნდა გააკეთოს არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე, თუკი რამე ხდება. თუ ის განახორციელებს ზოგად ზედამხედველობას პროცესისადმი, ეს იქნებოდა კარგი და სწორი ვარიანტი. ეს იქნებოდა კარგი არგუმენტი ხელისუფლების ჭკუაზე მოსაყვანად“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025