
ნატოს წევრი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს პოზიციით იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, რუტეს „მლიქვნელობა“ ტრამპის მიმართ ალიანსში დაძაბულობას იწვევს. რუტეს ერთი მთავარი მისია აქვს: არ მისცეს ტრამპს ნატოს დაშლის საშუალება.
აღნიშნული ამოცანა ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ევროპულ ქვეყნებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება და ნატოს აზარალებს, მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებით გადააფიქრებინა ტრამპს გრენლანდიის ანექსია.
Politico წერს, რომ დაძაბულობა ნათლად გამოჩნდა 26 იანვარს ევროპარლამენტში, სადაც რუტე აქტიურად იცავდა აშშ-ის საკვანძო როლს ნატოში. გენმდივანმა განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია იოცნებოს აშშ-ის დახმარების გარეშე საკუთარი თავის დაცვის შესახებ.
რუტეს აღნიშნულ განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად შეუძლიათ.
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ კი რუტეს გამოსვლას „სამარცხვინო მომენტი“ უწოდა. მან აგრეთვე დასძინა, რომ ნატოს ტრამპის ფანატიკოსი არ სჭირდება.
0
0