
Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის იდეა „აეკვიატა“, რადგან მას მიაჩნია, რომ მათი დიალოგი სავაჭრო ომთან დაკავშირებულ მყიფე ზავის აღდგენას შეუწყობს ხელს.
თუმცა, პეკინი არ ცდილობს ორ ლიდერს შორის კონტაქტების ორგანიზებას. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები შოკირებულნი იყვნენ თეთრ სახლში ტრამპის საჯარო გამოსვლებით, მათ შორის, უკრაინისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან, ვლადიმერ ზელენსკისთან და კირილ რამაფოსასთან სკანდალური შეხვედრებით.
"ჩინეთი პრეზიდენტ ტრამპს არაპროგნოზირებადად მიიჩნევს, ეს კი სი ძინპინისთვის რეპუტაციულ რისკებს ქმნის“, - განაცხადა ჩინეთისა და ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, რაშ დოშიმ.
როგორც Politico-ს ანონიმურმა პირმა განუცხადა, ჩინელი ჩინოვნიკებისთვის უჩვეულოა, რომ ქვეყნის ლიდერი უხერხული ან არაპროგნოზირებადი შეხვედრის რისკის ქვეშ დადგეს.
"აშშ-ის ადმინისტრაცია დიდი ზეწოლის ქვეშაა ჩინეთის მიერ იშვიათი ლითონების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო. შეერთებული შტატები დამოკიდებულია მასალების მიწოდებაზე, რომლებიც გამოიყენება მაღალტექნოლოგიური საქონლის წარმოებაში - ელექტრომობილებიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული. არ მგონია, სი ძინპინი დიდად იყოს დაინტერესებული შეერთებულ შტატებში რაიმე იშვიათი მინერალის ექსპორტით, მან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ სი ძინპინი, სულ მცირე, ტრამპს მოუსმენს. პრეზიდენტს გარკვეული ბერკეტები აქვს და ისმის შეკითხვა, თუ როდის იქნება ის მზად ჩინეთის მთავრობაზე განხორციელებულ მაქსიმალურ ზეწოლასთან გასამკლავებლად“, - თქვა წყარომ.
2 ივნისს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტები „სავარაუდოდ, ამ კვირაში ისაუბრებენ“. თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, კევინ ჰასეტმა, მსგავსი ვარაუდი გამოთქვა. თუმცა, ადმინისტრაციის ანონიმურმა წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჯერ არ არის დაგეგმილი.
0
0