
პოლიციას ვერ დავავალებ, დაინახავ, რომ ერთი ძირი მარიხუანა აქვს ადამიანს, გაიარეთ და ხმა არ გასცეთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვაზე პასუხად განაცხადა.
იაგო ხვიჩიამ შს მინისტრს ჰკითხა: „მარიხუანის მოხმარების გამო საქმე მიდის იქამდე, რომ ადამიანს მართვის მოწმობას ართმევენ, ან დიდი რაოდენობით ჯარიმა აქვთ. ხალხი ამ პრობლემას ლეგალური მცენარის მოყვანის გამო აწყდება, რომლის მოხმარებაც ლეგალურია. პოლიციამ ასეთი პრინციპი რომ გამოიყენოს - „არ მაჩვენო და არ ვნახავ“.
როგორც გომელაურმა განაცხადა, საკითხს პოლიცია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი უნდა შეიცვალოს.
„ამ მიმართულებით გვინდა, თუ არა გვინდა, არის პრობლემა, თუმცა ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის კანონი, ასევე ვალდებულებებია გაეროს კონვენციით და ა.შ.
მეორეს მხრივ, რომ შევხედოთ ძალიან ხშირია მეზობლისგან შემოსული ზარები: „მიხედეთ! ნახეთ რეები აქვთ! მთელი დღე იყენებენ მარიხუანას!“ ეს ხშირად ხდება. ჩვენ რეაგირების გარეშე ამას ვერ დავტოვებთ.
როდესაც 112 შემოდის შეტყობინება; „მოდით, ნახეთ რა ხდება“. მივდივართ და იძულებულები ვართ, ეს გავაკეთოთ. ის, რომ პოლიციამ გაიაროს და რეაგირება არ მოახდინოს , მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს. პოლიციას ვერ დავავალებ, რომ დაინახავ ერთი ძირი მარიხუანა რომ აქვს ადამიანს, გაიარეთ და ხმა არ გასცეთ.
ძალიან ბევრი უკმაყოფილება მოდის მოსახლეობისგან, მით უმეტეს რეგიონებიდან. ამბობენ, რომ უბედურება ხდება, ყველა მარიხუანას იყენებს, ძირითადად უფროსი თაობიდან მოდის უკმაყოფილება. ძალიან ხშირია ოჯახის წევრებისგან შემოსული ზარები. არის ეს პრობლემა მოსახლეობაში, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ. როცა შეტყობინება შემოდის, ხომ ვერ ვეტყვით, ერთი ძირი აქვთ და რა მოხდა?
პოლიციელს ვერ დავავალებ, ხედავ და რეაგირება არ მოახდინო ცოტა რთულია. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, თქვენც რომ მინისტრი იყოთ, ალბათ, თქვენც ვერ გააკეთებდით.
მესმის, თქვენ, რასაც იძახით, მაგრამ, მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა გომელაურმა.
0
0