
პარლამენტის შესასვლელები საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, რათა პარლამენტის წევრებმა შენობის დატოვება შეძლონ.
მათ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებო და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან სკანდირებენ "მონებო", "რუსებო", "წადი".
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის აქციის რამდენიმე წევრი დააკავა.
აქციის მონაწილეებს სურთ პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.
ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი მანდატურებმა ძალის გამოყენებით გამოაძევეს, რის შემდეგაც კანონპროექტის განხილვა გაგრძელდა.
ამის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქცია დააანონსეს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები აცხადებენ, რომ სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „სირცხვილის კორიდორებს“ მოუწყობენ.
0
0