19/12/2022
13:02
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, შიმშილობის მეხუთე დღეს მოთხოვნა არის უცვლელი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე წითლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ და არა ოპოზიციას და პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება ის, რომ ადამიანი პატიმრობაში არ მოკლან.
„მინდა აქედან მხნეობა ვუსურვო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი მოთხოვნა შიმშილობის მეხუთე დღეს რჩება უცვლელი - გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი." - განაცხადა წითლიძემ.
0
0