
საოპერო შემსრულებელს, პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ბრალმდებელმა დომიგო სატელევიზიო გადაცემაში ამხილა.
ესპანელი მომღერლის მტკიცებით, დომინგომ იგი რამდენჯერმე შეავიწროვა სექსუალურად. ოპერის შემსრულებელმა ერთ-ერთი რეპეტიციის შემდგომ კოლეგას არაერთხელ სთხოვა შეხება. გარდა ამისა, სცადა მისთვის ეკოცნა.
"პლასიდო დომინგოსთან ერთად ლიფტში არ შეხვიდე! - იყო პირველი, რაზეც გვაფრთხილებდნენ. პირველად მასთან ურთიერთობისას უხერხულობა ერთ-ერთი რეპეტიციისას ვიგრძენი. შარვალი მეცვა, რომელსაც უკანა ჯიბე მოქარგული ჰქონდა. დომინგომ ყველას წინაშე მითხრა, “შეიძლება, შენს ლამაზ ჯიბეში ხელი ჩავყო?”, მუცელი ამტკივდა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და რა მეთქვა. თუ არას ვეტყოდი, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა და თუ დავთანხმდებოდი, არც მინდა წარმოვიდგინო… ". - თქვა La Sexta -ს მაუწყებლობასთან ქალმა.
წლების წინ მომღერალმა პლასიდო ვერ ამხილა, რადგან მისივე თქმით, იგი ხელშეუხებელი იყო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპერის მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი.
2019 წელს დომინგო 8 ქალმა - შვიდმა მომღერალმა და ერთმა მოცეკვავემ - Associated Press-თან საუბარში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
ქალების თქმით, მომღერალი მათ გვიანი 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა. მაშინ, გამოცემასთან საუბრისას მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანომ, პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი.
პლასიდო დომინგომ სექსუალური შევიწროების ბრალდებები მაშინვე უარყო.
მიუხედავად ბრალდებების უარყოფისა, საოპერო მომღერალს, ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის დატოვება მოუწია.
მოგვიანებით, პლასიდო დომინგომ ქალებს, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, "მიყენებული ტკივილისთვის" ბოდიში მოუხადა.
0
0