23/12/2023
00:18
სხვადასხვა
ადამიანთა უმეტესობას სმენია პლაცებოს ეფექტის შესახებ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობისთვის გასაკვირი და უცნაური დასაჯერებელი ფაქტია ის, რომ გონებასა და „რწმენას“ შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა და განწყობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანის განკურნებას, ან თუნდაც ტკივილის გაყუჩებას, მაგრამ ეს მართლაც ასე ხდება.
ეს არ არის ილუზია ან მოჩვენებითი ეფექტი. პლაცებო მართლაც არსებობს და მრავალმა კვლევამ და ექსპერიმენტმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ პლაცებო არათუ არსებობს, არამედ უცნაურ და ისეთ გარემოებებშიც კი ვლინდება, როდესაც თითქოს არ უნდა გამოვლინდეს - შესაძლოა პაციენტმა იცოდეს კიდეც, რომ ექიმები მის ორგანიზმში პლაცებოს ეფექტის გამოწვევას ცდილობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი გონება მაინც „მოტყუვდეს“ და ინფორმირებულობის მიუხედავად უფრო სწრაფად მომჯობინდეს ვიდრე პლაცებოს ეფექტის გარეშე იზამდა.
გონების ამ ერთგვარი ხრიკის წყალობით ადამიანს შეუძლია სიმპტომები შეიმსუბუქოს და გამოვიდეს დისკომფორტიდან, ან პირიქით, პესიმისტური დამოკიდებულების გამო ხელი შეუშალოს მკურნალობას და სიმპტომები გაიმძაფროს.
ეს ეფექტი მე-18 საუკუნის მიწურულს აღმოაჩნა ფრანგმა მეცნიერმა მაიკლ ბუვარმა, რომელმაც ხალხი მოატყუა და დააჯერა, რომ მეტალის დეტექტორებს, რომელიც გამოიგონა, შეეძლოთ დაავადების განდევნა ადამიანთაგან ხის დეტექტორებისგან განსხვავებით.
შემდეგ ის დააკვირდა ხალხს, რომლებზეც იყენებდა ამ ხელსაწყოებს და აღმოაჩინა, რომ ხალხის მდგომარეობა და ჯანმრთელობა იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იყვნენ ისინი განწყობილნი თავიანთი მკურნალობის პროცესისადმი და რა მოლოდინები ჰქონდათ მისგან.
არც ხის და არც რკინის დეტექტორები არ მუშაობდნენ, მაგრან რკინის ხელსაწყომ ადამიანებში პლაცებოს ეფექტი შექმნა - ამ მომენტიდან უკვე ჩნდება იდეები იმის შესახებ, რომ ადამიანის წარმოდგენის ნაყოფია დაავადებათა სირთულე და რომ მთავარ პრობლემას სწორედ პესიმისტურობა ქმნის.
მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში გაგრძელდა კვლევები ამ საკითხის შესახებ - მართალია ჯერ ყველაფერი ბოლომდე გამოკვლეული არ არის, მაგრამ მეცნიერები ექსპერიმენტების საშუალებით გარკვეულ დასკვნამდე მივიდნენ. პლაცებოს ეფექტს არ შეუძლია ადამიანის განკურნება, მაგრამ შეუძლია მისთვის სიმპტომებისა და ტკივილის შესამჩნევად შემსუბუქება.
პლაცებოს ეფექტის დროს ადამიანი გამოყოფს ენდორფინებსა და დოპამინს (დოპამინი მაშინ გამოიყოფა, როდესაც ადამიანი რაიმის გაკეთების შემდეგ ჯილდოს ელოდება). ამის მეშვეობით პლაცებოს შეუძლია ნერვებიდან წამოსული ტკივილი შეაფერხოს, შეამციროს ან საერთოდ გააქროს. თუ კი ადამიანს სჯერა რომ კარგს უნდა ელოდოს, მაშინ მისი ტვინი მოქმედებას დაიწყებს და ჰორმონებისა და დოპამინის საშუალებით სხეულზე დადებით გავლენას მოახდენს.
ამის დასადასტურებლად არაერთი ექსპერიმენტია ჩატარებული, სადაც მრავალი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ექსპერიმენტებმა აჩვენეს: ეს ფსიქოლოგიურ, ფიზიოლოგიური ფაქტორი ხელშემწყობ ფუნქციას ითავსებს მკურნალობის დროს და სრულიად უფუნქციო აბებითაც კი არის შესაძლებელი პაციენტის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა.
ამის გამო, ხშირად როდესაც ახალ წამლებს ტესტავენ, ატარებენ ცდას, რომელშიც ადამიანთა ნაწილში პლაცებოს ეფექტს აღძრავენ, ხოლო ნაწილს ნამდვილ პრეპარატს აძლევენ. თუ კი პრეპარატის ზემოქმედებას იმაზე დიდი შედეგი აქვს, ვიდრე პლაცებოს, მაშინ პრეპარატი მუშაობს.
ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს, რომ პლაცებოს მარტო მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ჩვენ გონებას ვატყუებთ ან გვატყუებენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის.
პლაცებო მაშინაც კი მოქმედებს, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ცრუ აბს აძლევენ, რომელსაც არანაირი შედეგი არ უნდა ჰქონდეს.
2010 წელს ტედ კაპჩუკმა, ამერიკელმა ბიომედიცინის მეცნიერმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც ერთ-ერთი დაავადება IBS-ის პაციენტები ორ ნაწილად დაჰყო:
ერთ ნაწილს ჩვეულებრივი პრეპარატი დაუნიშნა, ხოლო მეორეს პრეპარატთან ერთად პლაცებოს აბი. იმ ჯგუფს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს აბს, აუხსნეს კარგად თუ რაში მდგომარეობდა ექსპერიმენტი და თუ როგორ კარგად მუშაობდა პლაცებო, მაშინ როდესაც პაციენტები „ტყუვდებოდნენ“.
გამოკითხვებით პაციენტთა მხრიდან დიდი პესიმიზმი იგრძნობოდა - მათ არ სჯეროდათ, რომ ცრუ აბების მიღებას რაიმე რეალური ეფექტი ექნებოდა მკურნალობის პროცესზე, მაგრამ მათდა გასაოცრად პლაცებოს ეფექტმა მაინც იმოქმედა. მათ, ვინც პლაცებოს ცრუ აბს იღებდნენ, შეუმსუბუქდათ სიმპტომები და ზოგიერთმა მოითხოვა კიდეც პლაცებოს აბის გამოწერა.
ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ მრავალი კვლევა და ექსპერიმენტი ჩატარდა, მაგრამ მეცნიერებს დღემდე არ აქვთ ზუსტი პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გონებასა და მოლოდინებს ამდენად დიდი გავლენის მოხდენა მკურნალობის პროცესზე.
/ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი/
www.frontiersin.org/articles/10.3389/fnut.2021.678105/full
www.snexplores.org/article/discovering-the-power-of-placebos-medicine
www.health.harvard.edu/mental-health/the-power-of-the-placebo-effect
0
0