21/07/2023
17:19
ბადაგონი
კომპანია „ბადაგონისა“ და „ისრაელის სახლის“ თანამშრომლობით, პირველად, ისრაელში, უნიკალური ქართული ქაშერი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
ამ ფაქტს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ ისტორიული წრის შეკვრა უწოდა, რაც მნიშვნელოვანია იმ ურთიერთბების გასამყარებლად, რომელიც საქართველოსა და ისრაელს შორის არსებობს:
„თუ გავიხსენებთ ისტორიას, პირველი ტაძარი დაარბიეს 26 საუკუნის წინ და იერუსალიმიდან ებრაელები წამოვიდნენ ბაბილონის მხარეს... რა თქმა უნდა, ჩამოვიდნენ საქართველოში და ზუსტად ამ პერიოდში, ნახსენებია, რომ სამარისა და იუდეაში არამეელ ვაჭრებს ღვთაებრივი სითხე გაჰქონდათ იბერიიდან და ამ სითხეს - „ბადაგი“ ეწოდებოდა. სწორედ დღეს ხდება ამ ისტორიული წრის ხელმეორედ შეკვრა და, როდესაც ორი კულტურის - 4 ათასი წლის ებრაული ქაშერისა და ქართული 8 ათასი წლის ღვინის ერთად შერწყმა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შერწყმამ, არა მხოლოდ კარგი ქაშერი ღვინო შექმნა, არამედ 7 საერთაშორისო პრიზი მოიპოვა- იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში. ასე რომ, დღევანდელ დღეს საქართველოდან, კახეთიდან, „ბადაგონის“ ქარხნიდან, განსაკუთრბული და უნიკალური ღვინო გადის ისრაელში“ - განაცხადა იციკ მოშემ.
იციკ მოშეს თქმით, „ბადაგონი“არის პიონერი ქართული ღვინის ექსპორტით ისრაელში, ხოლო „ბადაგონის“ ღვინო არის წამყვანი მეთოდითა და პროფესიონალი ადამიანების დახმარებით შექმნილი პროდუქტი.
როგორც კომპანია „ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განაცხადა, კომპანია ამ ფაქტს დიდ მნიშვნლობას ანიჭებს, რადგან ისრაელის მიმართულებით ქართული „ქაშერი“ ღვინის პირველი პარტია გაიგზავნა:
„ამ პროექტზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 წლის წინ, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს უშუალო ჩართულობით. ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ისრაელთან. ვიცით, როგორ უყვართ ქართული ღვინო და როგორ აფასებენ „ბადაგონის“ ღვინოს. მოგეხსენებათ, „ბადაგონის“ ღვინო უკვე მსოფლოს 33 ქვეყანაშია წარმოდგენელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს მილიონობით ოჯახშია დაგემოვნებული. ამან მოგვცა საფუძველი, მივსულიყავით იმ ეტაპამდე, რომ ისრაელში აუცილებლად ყოფილყო ქართული „ქაშერული“ ღვინო“ ,- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
კითხვაზე, თუ რა სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება ქართული ღვინის ექსპორტს ისრაელში, კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ღვინო საუკეთესო ელჩია ნებისმიერ ქვეყანაში და მაშინ, როდესაც ასეთი მეგობრული ურთიერთობაა საქართველოსა და ისრაელს შორის, სწორედ ღვინო იქნება ამ თანამშრომლობის გამამყარებელი.
„ღვინო არის ყველაზე მართალი და სწორი ელჩი ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ღვინო, არის სიმართლე“,- დასძინა გოგი სალაყაიამ.
0
0