10/11/2023
12:14
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი თქვა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლედ მეორე ვადით აერჩია რუსეთის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი.
ამრიგად, 1946 წლიდან პირველად, რუსეთს ამ სასამართლოში წარმომადგენელი აღარ ეყოლება. საბჭოთა კავშირსაც კი ჰყავდა გაეროს სასამართლოში წარმომადგენელი.
კირილ გევორგიანი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლიდან იყო. მან აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭისყრა, თუმცა, რუმინეთის წარმომადგენელთან ბოგდან-ლუჩიანუ აურესკუსთან დამარცხდა. 9 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად აურესკუ 117 ხმით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრმაც.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ჰააგაში მდებარეობს და გაეროს 6 მთავარი ორგანოდან ერთ-ერთია, 15 მოსამართლისგან შედგება. მათ 9 წლის ვადით ირჩევენ გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. ამასთან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ხდება 5 მოსამართლის ხელახლა არჩევა.
ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საჩივრებს, რომლებიც ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ქმედებებს და ყირიმის ანექსიას და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას.
0
0