10/09/2022
19:24
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი რომ საკუთარ შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერს იცავდა, ამაში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ოპოზიცია რომ იცავდა და შეფარულ პიარს უკეთებდა გიორგი გახარიას, ესაა გასაკვირი ამბავი და ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაცემულა. ასე შეაფასა მან „ხალხის ძალის“ მორიგი განცხადება, რომელიც გიორგი გახარიას მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ეხება.
„გახსოვთ ალბათ ისტერიული კამპანია, „თვალთხარია“ და ა.შ. - ერთ მშვენიერ დღეს რატომ გაჩუმდა მთელი ოპოზიციური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ შეკრეს პირი, რომ გახარიას არ შეხებოდნენ, ამ კითხვაზე პასუხი არაა გაცემული. „ხალხის ძალის“ წერილი შეგიძლიათ ამის პასუხადაც მიიღოთ. ჩვენ ვერ დავაბრალებთ მათ, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ, ბევრი სიმართლე წერია იქ. ერთადერთი განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის ეხება იმას, რა დოზით უნდა გამოვიდეს ეს ამბები გარეთ. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსებს კულისებში შენახული ამბები არ ჰქონდეთ. ეს ბუნებრივი ამბავია, ყველაფერი გარეთ შეიძლება ვერ ილაპარაკო. ჩვენ არ ვეთანხმებით პოზიციას, რომ ამ თემებზე დეტალურად უნდა ველაპარაკოთ. პირადად მე ნამდვილად არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით იყო. იქ ბევრი სიმართლე წერია, რაზედაც ჩვენ გაგვიჭირდებოდა საუბარი და არ გვილაპარაკია ასე საჯაროდ. მადლობა ღმერთს, რომ ახლა გუნდში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შეფასებებში გარკვეული თავშეკავება გვიწევდეს. რაც შეეხება ამერიკის ელჩს, სწორედ ამ დეტალებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ აზრთა შეუთანხმებლობა. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს, მის წარმომადგენლებს, ჩვენ გვირჩევნია, თუ რამე გვაქვს სათქმელი, ვილაპარაკოთ კულისებში. ეს ასეც ხდება ხოლმე“, - აცხადებს მდინარაძე.
0
0