12/04/2023
13:51
მსოფლიო
ბრიტანული Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბეთი (ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა უკრაინასთან ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე), კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხს დათანხმდა ან, შესაძლოა უკრაინაში იარაღი უკვე გაგზავნა.
პენტაგონის გასაიდუმლოებულ დოკუმენტში, რომელიც 2 მარტითაა დათარიღებული, ნათქვამია, რომ სერბეთი, კიევის თხოვნის მიუხედავად, თავდაპირველად არ აპირებდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, უარი განაცხადა უკრაინელი ჯარისკაცების გაწრთვნაზე, მაგრამ მოგვიანებით პირობა დადო, რომ უკრაინას გაუგზავნის (ან უკვე მიაწოდა) ლეტალური სახეობის საბრძოლო აღჭურვილობა.
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ადმინისტრაციამ და უკრაინის საელჩომ კომენტარის გასაკეთებლად Reuters-ის თხოვნას არ უპასუხეს.
ჯეიმსთაუნის ფონდის უფროსი მკვლევარის იანუშ ბუგაისკის განმარტებით, თუ პენტაგონის დოკუმენტი ლეგიტიმურია, მაშინ ორი ვარიანტი იკვეთება: „დოკუმენტი წარმოაჩენს [ბატონ] ვუჩიჩის ორპირობას რუსეთის მიმართ ან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ის ვაშინგტონის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება“.
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ბელგრადი მოსკოვთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას ცდილობდა, იმავდროულად კი - ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვოდა.
0
0