
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კლინიკა "ვივა მედიდან" პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებზე დაცვის მხარე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღესვე მიმართავს. ხაჭაპურიძის თქმით, კადრების გამოქვეყნებით უწყებამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვია.
ხაჭაპურიძის შეფასებით, დღეს კადრების გასაჯაროება ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს უკავშირდება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეზოლუცია უნდა მიიღონ.
"პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ევროპარლამენტი ემზადება რეზოლუციისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მკაცრი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების "ქართული რეზოლუცია" - რეზოლუციას პასუხობენ რეზოლუციით. მე რაც ვნახე იქ დაჩქარებული კადრებიცაა, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამისაა დარბოდა და ამით აჩვენეს, რომ როცა სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო, სინამდვილეში ცუდად კი არაა, კარგადაა და გადაადგილდება", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა დღეს მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა.
0
0