01/08/2026
15:49

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის რეაქციის გამო, მას შემდეგ რაც დაახლოებით 50 ათასი არალეგალი მიგრანტი ესპანეთის ანკლავ სეუტაში უკანონოდ შევიდა, – ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.
წერილში სანჩესი აღნიშნავს, რომ ესპანეთმა 48 საათზე ნაკლებ დროში შეძლო საზღვარზე კონტროლის აღდგენა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, ქვეყანაში უკანონოდ შესული ფაქტობრივად ყველა მიგრანტის დაბრუნება და მათი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არაკონტროლირებადი გადაადგილების აღკვეთა.
სანჩესის თქმით, ეს ღონისძიებები მაროკოსთან კოორდინაციით განხორციელდა, თუმცა ესპანეთმა ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან ძალიან სუსტი მხარდაჭერა მიიღო.
ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა წერილში ასევე დაიცვა ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა. მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის დამსახურებით მნიშვნელოვნად შემცირდა არალეგალური მიგრაცია და ესპანეთი ევროკავშირის მეორე ყველაზე უსაფრთხო სასაზღვრო ქვეყნდად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, ის ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელსაც აფრიკასთან სახმელეთო საზღვარი აქვს.
სანჩესმა ასევე განაცხადა, რომ ესპანეთი წარსულში სოლიდარობას უცხადებდა ევროკავშირის პარტნიორებს მიგრაციული კრიზისების დროს. მან მაგალითად მოიყვანა 2021 წელს ბელარუსის გავლით აღმოსავლეთ ევროპაში ჩასული მიგრანტების გარშემო შექმნილი კრიზისი და 2023 წელს იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე შექმნილი ვითარება.
სანჩესმა წერილში გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის ინიციატივა, რომელიც ესპანეთის შენგენის ზონიდან დროებით გარიცხვას ითვალისწინებდა.
სანჩესის შეფასებით, ასეთი პოზიცია „ცრურწმენების, დეზინფორმაციის, უცოდინრობის ან პოლიტიკური ინტერესების შედეგია და ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის სამართალს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ევროპული სოლიდარობის პრინციპებს“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სეუტა თავად არ შედის შენგენის ზონაში და თითქმის ყველა არალეგალი მიგრანტი უკვე დაბრუნებულია მაროკოში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სანჩესმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას ირლანდიას მიმართა თხოვნით, სასწრაფოდ მოიწვიოს შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენცია, რათა კრიზისზე კოორდინირებული ევროპული პასუხი შემუშავდეს და კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა ყველა წევრი სახელმწიფოს საერთო პასუხისმგებლობაა.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 22 ქვეყანა სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ ევროპულ რეაგირებას მოითხოვს. ესპანეთის ანკლავში ბოლო დღეებში ათიათასობით არალეგალი მიგრანტი შევიდა. მიგრანტებმა სასაზღვრო ბარიერების გარღვევა შეძლეს, რამაც კრიზისი გამოიწვია. სეუტის ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის დასახმარებლად მობილიზებული იყო არმიაც. ესპანეთის მთავრობამ მაროკოს უსაფრთხოების ძალები უმოქმედობაში დაადანაშაულა, მოგვიანებით კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტების უმეტესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში.
1ტვ
0
0