პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია უმრავლესობის რეალური პრობლემების ირგვლივ მსჯელობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის, პედოფილიის წინააღმდეგ კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. მან პლენარულ სხდომაზე ბოლო თვეში მომხდარი მსგავსი შემთხვევები ჩამოთვალა.
„ძალიან რთულია, არ დაეთანხმო ბატონ ირაკლის იმაში, რომ საქართველოში ნამდვილად უნდა შეიქმნას ბავშვებისთვის ცხოვრების ჯანსაღი პირობები. მე ახლა მსურს იანვარში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მოვიყვანო მაგალითები – გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის გოგო, რომელიც მოიტაცეს კახეთში, ნაპოვნი იქნა, 45 სკოლაში არ დადიოდა; 21 წლის გოგოს მკვლელობა მოხდა; გოგოს და მის დას ბიძა წლების განმავლობაში აუპატიურებდა; შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს; დააკავეს დედა, რომელიც შვილის გაუპატიურებაში ხელს უწყობდა მის პარტნიორს; დააკავეს გოგო, რომელმაც 13 წლის გოგოს შიშველი ფოტოების გადაღება და გაგზავნა აიძულა, 14 წლის გოგოს გაუპატიურების გამო ბიძა დააკავეს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელი ახალი პროექტების, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად ქცეული? მე ვიცი, რომ შემზარავია უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ეს მონაცემები, ვიცი, რომ გაწუხებთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ძალისხმევა, სწორედ, ამის დაძლევისკენ უნდა მივმართოთ.
მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ განათლების მინისტრი სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტ ყურადღებას ამახვილებდეს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები უნდა მოისყიდოს და სამ წლიან საბაკალავრო და ერთ წლიან სამაგისტრო სწავლებაზე რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი, არა რეალური პრობლემების დაძლევაში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ პედოფილია არის უდიდესი პრობლემა საქართველოში, არამედ იქ, სადაც არჩევნების ინტერესი გადის […] ჩემი თხოვნაა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მაინც როგორც ჯანდაცვის სისტემამ, ასევე, განათლების სამინისტრომ, ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემას და რეალურ პრობლემებზე ვიმსჯელოთ, ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, კომპლექსური ნაბიჯები გადავდგათ მათ დასაცავად”, – აღნიშნა კორძაიამ.
29 თებერვალს მამუკა მდინარაძემ „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დამცავი“ საკანონმდებლო ინიციატივა დააანონსა. მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ფესვდოლიბერალური იდეოლოგიის“ პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდნენ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოიყენონ.
0
0