
მკაფიოდ და ხმამაღლა გავიმეორებ, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, „არასდროს მომხდარა, არასდროს ხდება და არასდროს მოხდება ასეთი რამ“.
„რაიმე ასეთის მტკიცება ან განცხადება, ეს არის უბრალოდ ევროკავშირის გაშავების მცდელობა, გაშავების კამპანიის მცდელობა. ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს – საქართველოს გაწევრიანება ევროკაშირში დე ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების კამპანიის ნაწილია.
მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, ასევე ქართველ ჟურნალისტებს, თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „ევროპიდან კრიტიკის ფონზე თბილისში დღეს იხსენებდნენ კამპანიას „მე ვისროლე“. ავლებდნენ პარალელს საფრანგეთში მიმდინარე პროცესებთან, სადაც მკვლელობის მცდელობად შეფასდა ამ შემთხვევაში ეს ქმედება. ამიტომ ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა, პირს, რომელმაც ისროლა მოლოტოვი, ეწოდოს გმირი. მმართველი გუნდი საუბრობს ორმაგ სტანდარტზე, უსამართლო მიდგომასთან დაკავშირებით საქართველოს მისამართით. თქვენთვის არის თუ არა გმირი, თუ დამნაშავე პირი, რომელმაც ისროლა „მოლოტოვის კოქტეილი“?.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნული კითხვის პასუხად გაიმეორა იგივე, რომ ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას.
„ბევრჯერ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, ქურდობას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას. საწინააღმდეგოს მტკიცება არის ევროკავშირის წინააღმდეგ აგიტაციის, გაშავების ნაწილი, გაშავების პროპაგანდის ნაწილი. ეს არის ისეთი რაღაც, რაც უნდა გაჩერდეს, თუ გვსურს, კვლავ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის და იყოს დიალოგი ჩვენს შორის. სწორედ ის დიალოგი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა გუშინ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
1ტვ
0
0
რონალდინიო ბათუმში იმყოფება
04/11/2026