
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, 26 ნოემბერს, 17:00 საათზე, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მეფეების გამოსახულებიანი ხალიჩების გამოფენა გაიმართება.
გამოფენა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას — ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვის ხელოვნებას ეძღვნება. წარმოდგენილი ნამუშევრები ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ხელსაქმეს თანამედროვე მხატვრულ ხედვასთან აერთიანებს. ხალიჩების ქსოვილში გაცოცხლებული მეფეთა პორტრეტები დამთვალიერებელს საქართველოს ისტორიისა და სამეფო ეპოქის განსხვავებულ მხატვრულ ინტერპრეტაციას სთავაზობს.
ქართულ კულტურაში ხალიჩა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ყოფითი დანიშნულების ნივთი. იგი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა სტატუსის, სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სახელმწიფოს ძლევამოსილების სიმბოლოს. ხალიჩებზე ასახული ორნამენტები, ფერთა შეხამება და მხატვრული კომპოზიციები კი ეპოქის ესთეტიკურ გემოვნებასა და კულტურულ იდენტობას გამოხატავდა.
გამოფენა სწორედ ამ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენას ისახავს მიზნად — წარმოაჩინოს ხალიჩა, როგორც ხელოვნების ნიმუში, რომელშიც ქართული ისტორია, სამეფო დიდებულება და ტრადიციული ქსოვის ხელოვნება ერთიანდება.
0
0