
გაშავების პროპაგანდა და აგიტაცია უნდა გაჩერდეს, რათა მივიღოთ დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, ხელისუფლების პოზიციაში ხედავს ნებას, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე თუ ამის საწინააღმდეგო პოზიციას ხედავს, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ეფუძნება დიალოგს.
„დიალოგი არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი. თუ შეხედავთ, ჩემს უკან დაინახავთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშებს. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მოლაპარაკებებს, ჩვენ ვახორციელებთ კომპრომისებს, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს. ასე რომ, ბატონ ირაკლი კობახიძის მოსმენისას გუშინ, „ევრონიუსთან“ მისი ინტერვიუს დროს, მე ვიგრძენი, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირის წევრები, ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს. პრობლემა არის ის, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მმართველმა პარტიამ სრულად ამოწურა ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან. ყოველგვარი შინაარსი ამოიღო ამ დიალოგისგან. არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულებით. არის წნეხი სამოქალაქო საზოგადოებაზე. არის პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარა. არის წნეხი დამოუკიდებელ მედიაზე. არის გაშავებისა და საწინააღმდეგო აგიტაცია ევროკავშირის წინააღმდეგ. რას მოელით ევროკავშირის მხრიდან, რაზე უნდა უნდა ვისაუბროთ? თქვენ მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წარმომადგენლები ისაუბრებენ „დიფ სთეითის“ განსაზღვრებაზე? მართლა მოელით ამას? მოელით, რომ ჩვენ გვექნება დიალოგი, „გლობალური ომის პარტიაზე“ ვისაუბრებთ? თქვენ მართლა მოელით, რომ ჩვენ ვისაუბრებთ განსხვავებაზე ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის? ეს გაშავების პროპაგანდა და აგიტაცია უნდა გაჩერდეს, რათა მივიღოთ დიალოგი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
0
0
რონალდინიო ბათუმში იმყოფება
04/11/2026