08/11/2024
10:35
პოლიტიკა
პატარა ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურების ქცევის მოტივები უნდა ეძებო გარეთ, უცხოეთში, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი აქტივობა.
„პატარა ქვეყნის მოქალაქეები ეძებენ, ვის ჩამოეჭიდონ და, მგონი, პრეზიდენტის საიდუმლოს გასაღები სწორედ ამაშია. ორმაგი თამაშია ისიც კი, სალომე ზურაბიშვილი რომ თამაშობდა, ოპოზიცია უნდა შეკრას და მერე იმ ოპოზიციამ დაასახელოს. თუ შეკვრა გამოუვიდოდა, ხო, მაგრამ, მგონი, მაგაზე არც ჰქონდა აქცენტი. მას აქცენტი ჰქონდა უფრო დასავლეთის ლიდერებთან კონტაქტზე და ახლაც პირველი ეს ითქვა, რომ დაამყარა კონტაქტი. მას კონტაქტი სჭირდება. მისი ბიოგრაფია ხომ გრძელდება მას მერე, რაც პრეზიდენტის პოსტს დატოვებს?!“ – განაცხადა საყვარელიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს, შეიძლება, იყოს პირადი, ოჯახური და ასე შემდეგ.
„ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ თუ მისთვის შესაფერი არ არის ის, რაც რეალური მოტივია, სხვა სახელს არქმევს და პატრიოტობის სახელით, რეალურად, საკუთარ საქმეზე ზრუნავს. სალომე ზურაბიშვილი კი არა, თითქმის ყველა ჩვენგანი ასეთი მოტივების თამაშში ვართ. ასეთია ადამიანის ბუნება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
რამაზ საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ახლავს აგრესია, როგორც მოვლენა, ოპოზიცია ცდილობს, ეს აგრესია დააკმაყოფილოს და მათი აგრესიის დაკმაყოფილებაზე თამაშობს.
„ოპოზიცია აგრესიულია, რადგან მისი ამომრჩეველია აგრესიული და ითხოვს მისგან აგრესიულობას. ეს უფრო რთული პრობლემაა, ვიდრე ოპოზიცია. გერმანული ნაცია საუკუნეთა განმავლობაში იყო აგრესიული, ვიდრე მსოფლიოს და თვითონ გერმანელების უბედურებად არ იქცა ჰიტლერი, თორემ იქამდე სულ აგრესიული იყვნენ. ასე რომ, ეროვნული ხასიათის აგრესიულობამ გააჩინა ჰიტლერი და ამ ჯგუფის აგრესიულობა აჩენს იმ ოპოზიციას, რომელიც გვყავს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
0
0