
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ორი დეპუტატი მომავალ კვირას რუსეთში ევროპასა და „ბრიქის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად მიემგზავრება, ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარტია ამ ვიზიტს განიხილავს, როგორც შესაძლებლობას დიალოგის არხების შესანარჩუნებლად.
„მე პირად მისიად მიმაჩნია, გამოვიყენო ყველა ლეგიტიმური დემოკრატიული საშუალება, რათა გავხსნა დებატი ნატო-ს ტერიტორიაზე და თავად გერმანიაში რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მე არ მეშინია არც ძალისხმევის, არც ამ არაფორმალური სამშვიდობო დიპლომატიის მიმართ კრიტიკის“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, რაინერ როტფუსმა, რომელიც რუსეთში გამგზავრებას აპირებს.
როტფუსი მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დიმიტრი მედვედევთან. გერმანელი პოლიტიკოსის ცნობით, მედვედევი თავად სამიტში არ მონაწილეობს, თუმცა ღონისძიების წინა საღამოს მონაწილეებს დახურულ დისკუსიაზე იწვევს.
„საქმე ეხება ეკონომიკურ საკითხებს „ბრიქრისის“ კონტექსტში და არა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან შეხვედრას“, – განაცხადა პარტიის საპარლამენტო ლიდერის მოადგილემ შტეფან კოიტერმა.
როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის მიუხედავად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკოსები ინარჩუნებენ კონტაქტებს მოსკოვთან და აკრიტიკებენ გერმანიის მხრიდან კიევისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს. ამასთან, პარტია, რომელსაც გერმანიის საშინაო სადაზვერვო უწყება აფასებს როგორც დემოკრატიისთვის საფრთხეს, უარყოფს რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებებს.
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების რუსეთში ვიზიტი სრულდება იმ ფონზე, როდესაც სხვა პარტიებიდან რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლოა, მოსკოვს სენსიტიურ ინფორმაციას აწვდიდეს.
0
0