
პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულების, ასევე საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ.
ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი იცვლება, ცვლილების მიხედვით კი, ყოველი თვის განმავლობაში შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ ბიუროს საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასა და მისი უფლებამოსილებების პროკურატურისთვის გადაცემას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებამ ცვლილება 20 კანონში გამოიწვია, მათ შორის არის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი.
საკითხი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.
0
0