07/11/2022
22:43
პოლიტიკა
მარტო ჩვენი პარტიის არა, ყველას მდგომარეობა არის მძიმე, რადგან 2 წელია ერთმანეთის ლანძღვითა და თათხვით ვართ დაკავებული; „ღმერთი, რჯული“, მე მოვეშვი მაგ ამბავს, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ყველა კვლევა საინტერესოა, რადგან შედეგები პოლიტიკოსებს სარკეში ახედებს.
"კვლევა საყურადღებოა ყოველთვის და საინტერესოა. რა თქმა უნდა, თუ ეს რეალობასთან ახლოა, საკმარისი არაა ჩვენთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო, ჩვენ კიდევ მუშაობა არ გვეზარება და ვიმუშავებთ, რომ ხალხი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ხედვა და ჩვენი მიდგომები, რასაც ბოლო პერიოდში ვახორციელებთ, არის სწორი.
ფაქტია, რომ ყოველი ასეთი კვლევა გაძლევს მასალას, გახედებს სარკეში და როცა სარკეში იხედები და რაღაც არ მოგწონს, სარკეს არ უნდა ერჩოდე, სხვა რაღაც უნდა გამოასწორო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ვხედავთ რა განწყობაცაა რეალურად, ოპოზიციის მდგომარეობა, მარტო ჩვენი პარტიის არა, ყველას მდგომარეობა არის მძიმე, რადგან ორი წელია ერთმანეთის ლანძღვით და თათხვით ვართ დაკავებული. ღმერთი რჯული, მე მოვეშვი მაგ ამბავს დიდი ხანია, თუ თავს არ დაგვესხმებიან ხოლმე, არავის არ ვპასუხობთ და იქით თავს არ ვესხმით იმიტომ, რომ ერთადერთი ჩემი პარტიის დრო და ენერგია მიმართულია იქით, რომ რაღაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთოთ პარლამენტში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, “ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?” პარტია “მოქალაქეები” გამოკითხულთა 1%-მა დაასახელა.
0
0