12/11/2022
02:37
პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი, მათ შორის, მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილი ოლიგარქობაში დაადანაშაულა.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ამ ბრალდების შინაარსით მმართველი პარტიის მესიჯბოქსზე “დაჯდა”.
“პრაქტიკულად, იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც ქოცები აჟღერებდნენ იმ პერიოდისთვის. ახლაც აგრძელებს ოცნების ლიდერშიფი იმ პერიოდიდან დღემდე მოყოლებული, შეიძლება ნიკა საჯაროდ აღარ საუბრობს, მაგრამ ისინი არ გაჩერებულან, თავს ესხმიან დავით კეზერაშვილს, ეს კამპანია გრძელდება მის წინააღმდეგ და ჩვენი გუნდის მენეჯმენტის სხვა წევრებს მოუწიათ ღიად ამ განცხადებას დაპირისპირებოდნენ”, განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ენმ-ის გენმდივანი ამბობს, რომ ნიკა მელიას ეს განცხადებები არასწორი იყო და “პარტიაში არ მოეწონათ”.
"რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია და 25 წელია ვმეგობრობთ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ეს გაუმართლებელი იყო. კრიტიკული მედიის დამფუძნებელზე თავდასხმა მაშინ, როდესაც ყველა ისარი და ფოკუსი უნდა იყოს ამ რეჟიმის შესუსტებაზე",– თქვა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ასევე უკავშირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნიკა მელიასა და ზოგადად პარტიის "გაუცხოების" საკითხს.
"ასევე, მე ვთვლიდი და ბევრია პარტიის შიგნით ამ აზრზე, პარტია, ლიდერშიფი, თავმჯდომარე არ უნდა ასხივებდეს უთანხმოებას ან გაუცხოებას მიხეილ სააკაშვილთან. ეს მისი დაფუძნებული პარტიაა, ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც მან შექმნა". – თქვა ცისკარიშვილმა.
0
0