15/06/2023
13:13
პოლიტიკა
პარლამენტში გუშინ მოწყობილი პროვოკაცია კოორდინირებული იყო კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ. ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით და უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება: ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„კატეგორიულად მიუღებელია ის პროვოკაცია, რომელიც ვიხილეთ გუშინ, როდესაც შშმ ბავშვებს იყენებ კოორდინირებული პოლიტიკური პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი. გუშინვე ვთქვით, რომ, როგორც თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ. ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით და უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება: ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს. ეს პროვოკაცია დაიგეგმა რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძალიან ბინძური პროვოკაცია. ამაში პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია „ფორმულაც“. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე. ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ თავის დროზე იგივე ჯგუფმა მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ. მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები, რასაც ერთ-ერთმა კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება, ანუ პირდაპირ წაახალისა ბილწსიტყვაობა, ზიზღის ენა და პოლარიზაცია. როგორც ჩანს, ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები. მიუღებელია, როდესაც დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას. მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება“, - აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის სასესიო დარბაზში 14 ივნისს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
0
0