15/11/2024
12:34
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ "პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, მას სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც უკვე მიიღო", ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი.
"პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები. ეს კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა ამ არჩევნებზე. პარლამენტის ლეგიტიმაცია აღარ არის მომხდარი, მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბდა." - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
"რა უნდა თქვა ასეთ განცხადებაზე, როდესაც ადამიანების მიერ არჩეულ, ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩეულ პირებზე საუბრობს , რომ თურმე პარლამენტს არ სჭირდება არჩეული პირების ლეგიტიმაცია. თუ პარლამენტს არჩეული პირების ლეგიტიმაცია არ აქვს, ვისი ლეგიტიმაცია აქვს?" - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
0
0