25/11/2024
11:32
პოლიტიკა
ამ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება - ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვა თუ არა პარლამენტში. მათი არც შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი ფუჭდება! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააკეთა.
კახიანის მტკიცებით, უმრავლესობას მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი და XI მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა კანონის ფარგლებში მოხდება.
“ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც არჩევნების წინ მოსახლეობას დავპირდით. ამ პროცესს ოპოზიციის შემოსვლა-არშერმოსვლა ვერ შეაფერხებს.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ, რადგან ეს სცენარი ნანახი გვაქვს. არაერთხელ გვინახავს, როცა ისინი საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წავიდნენ - ოთხი წლის წინ კიდევ უფრო დიდი მონდომებით საუბრობდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ, მაგრამ ვიხილეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი პარლამენტში იყო წარმოდგენილი. ასე რომ, სცენარი დაახლოებით იგივე იქნება - ყველაფერი დამოკიდებულია დროზე!“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის სასახლეში პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით არჩეული დეპუტატები იკრიბებიან. მათ ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე რეგისტრაცია გაიარეს.
“ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
0
0