
პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
მესამე მოსმენით მიღებული კანონის პროექტით, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელი აპრილიდან განხორციელდება. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.
ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას. პროექტის თანახმად, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია - 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
„დღეს-დღეობით საჯარო სამსახურის ბიურო ჩართულია საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროცესში, რაც მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით ხორციელდება. ასევე ბიურო მართავს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას hr.gov.ge-ის, რომელიც საჯარო სამსახურის მასშტაბით ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და მის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
გარკვეული ანალიზის შედეგად შეფასდა, რომ ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირება, საჭირო აღარ არის. ეს უკავშირდება როგორც ხარჯების ოპტიმიზაციას, ასევე, თვითონ მნიშვნელოვან პროცესს, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას და მის უშუალოდ წარმართვას მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან”, - განაცხადა საპარლამენტო განხილვების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
0
0