
პირველი ნოემბრიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. ამას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
ცვლილებათა პროექტი საჯარო სამსახურის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს მოიცავს და დარღვევის შემთხვევაში, სანქციებსაც ითვალისწინებს.
2025 წლის პირველი ნოემბრიდან პირს, რომელსაც ექნება ამგვარი შეუთავსებლობა, არა მხოლოდ თანამდებობის დატოვება მოუწევს, არამედ ორი წლის განმავლობაში აეკრძალება იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობა, მოუწევს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს აღებული ანაზღაურება.
პლენარულ სხდომაზე ცვლილებათა პროექტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
„საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლოს იურიდიული პირებისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 %-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არა აქვს, ასრულებდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა.
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ საჯარო დაწესებულებებს, დეფიციტურ საქმიანობებს, ფუნქციებს, რომელთა შემსრულებლებსაც ექნებათ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არსებობს დეფიციტური კონკრეტული საქმიანობის სახეები, არსებობს დაწესებულებები, სადაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არ შეეხოს ცვლილებები. მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, ეს ჩამონათვალი განსაზღვროს. პროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის. კერძოდ, შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან და უფლება არა აქვს, გათავისუფლების დღიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს საჯარო სამსახურში. ასევე, ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში“, -აღნიშნა მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილის თქმით, პირს დაეკისრება კომპენსაცია შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობის დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდისთვის მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.
„თუკი ამ აკრძალვის და დათქმის მიუხედავად, მეორე ან კიდევ დანარჩენ ანაზღაურებად სამსახურში დაკავდა კონკრეტული პირი და ამის შესახებ ინფორმირებული გახდა შესაბამისი უწყება, მას მოუწევს, არა მხოლოდ დატოვოს დაკავებული ორივე ან მეტი თანამდებობა, არამედ ორი წლის განმავლობაში აეკრძალება იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება. რაც კი ხელფასის სახით აქვს მიღებული ორი წლის განმავლობაში, მას მოუწევს უკან დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს არის პრევენციული სანქცია, რათა კანონის დარღვევა შემდგომში იყოს თავიდან აცილებული. ორმაგი დასაქმების ნაწილში კანონი ამოქმედდება 2025 წლის პირველი ნოემბრიდან. შესაბამისად პირებს, რომლებსაც ექნებათ ამგვარი შეუთავსებლობა, კანონის ამოქმედების შემდეგ, უფლება აქვთ, გააგრძელონ საქმიანობა მხოლოდ ერთ თანამდებობაზე და ვალდებულნი არიან პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვიტონ ყველა სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა“, – განმარტა დავით მათიკაშვილმა.
0
0