
პარლამენტის წინ ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის არგუმენტები, გირაოს შეფარდებაზე, მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
ადვოკატი პროკურატურას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ომარ ფურცელაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ საქმიდან გააქრო დანა, რომლითაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი ბექა გოცირიძე ბრალდებულებს და მათ თანმხლებ პირებს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, ერთ დღეში მოიპოვეს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ბრალდებამ ორი კვირის განმავლობაში ვერ ამოიღო. ფურცელაძის თქმით, ამ ვიდეომტკიცებულებაში ჩანს, დაზარალებული ბრალდებულებს როგორ ესხმის დანით თავს, პატრული როგორ იღებს დანას და ხელს მოწმეს აწერინებს. ადვოკატის თქმით, დაზარალებული მმართველი პოლიტიკური პაარტიის მხარდამჭერია, ბრალდებულებს სამი თვის განმავლობაში ემუქრებოდა და პროკურატურა მას პოლიტიკური მოტივით მფარველობს.
პროკურორი ნინო ჟვანია ადვოკატის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე ამოღებულ ვიდეოებში პირიქით ჩანს. პროკურორის განმარტებით, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს თავს ბრალდებულები ესხმიან და დაზარალებულს დანა არ აქვს.
ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0