29/12/2024
11:12
პოლიტიკა
პარლამენტის სასახლეში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს.
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა სალომე ზურაბიშვილს.
ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო. მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაციაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ინაუგურაციას ესწრება ბიძინა ივანიშვილი.
კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
სასახლეში, ასევე, საინაუგურაციო ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ არის.
ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები პარლამენტის შენობის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოწყობილ მედიასივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მედიის წარმომადგენლებს, საშუალება აქვთ მონიტორის საშუალებით ადევნონ თვალი ინაუგურაციის მიმდინარეობას და ჩაწერონ რესპონდენტები.
0
0